საწყისი გვერდი > დამოწმებები

 

ვისაც ძე ათავისუფლებს, ის ჭეშმარიტად თავისუფალია (იოანე 8:36)

 

14 წლის ასაკიდან ვმკითხაობდი კარტზე, ყავაზე და მერე სულების გამოძახებაც დავიწყე თეფშის ტრიალის მეშვეობით. რა თქმა უნდა, მე ამას გართობად ვთვლიდი და არ ვიცოდი რამდენად უარყოფითი გავლენის მოხდენა შეეძლო ადამიანზე. სულების გამოძახება იმდენ ენერგიას მართმევდა, ძილის მეტი არაფერი მინდოდა. არადა უამისოდ არ შემეძლო, ადამიანები ხედავდნენ რომ სიმართლეს ვეუბნეოდი, ანუ უხდებოდათ თეფშის მიერ დაწერილი (თუმცა ყოველთვის ზუსტი არ იყო წინასწარმეტყველება) და ეს ურთიერთობა მომწონდა (უსასყიდლოდ ვმკითხაობდი), შესაბამისად, ამხანაგებიც ბევრი მყავდა, რაც ყოველთვის მინდოდა.

შემდეგ ახლობელმა მკითხავთან წამიყვანა და გამოცდილი მედიუმი შემეკითხა: ”შენ მკითხაობ?” მე ვუპასუხე: ”კარტზე და ყავაზე”. მან მითხრა: ”რაღაცას კითხულობ!” (ანუ მიმანიშნა თეფშის ტრიალზე). არადა სულების გამოძახებას მკითხაობად არც მივიჩნევდი. მან შელოცვები ჩამიტარა და ამიკრძალა: ”სულები აღარ გამოიძახო!” ამის შემდეგ წავედი გერმანიაში, ყავაზე და კარტზე მკითხაობას იქაც ვაგრძელებდი, მაგრამ 18 წლის ასაკში მოხდა ისე, რომ მორწმუნე ქრისტიანებმა ახალგაზრდულ მსახურებაზე დამპატიჟეს.

იქ ერთი ახალგაზრდა მოყვა თუ როგორ ეწამა იესო ჩვენი ცოდვებისათვის და რა გადაიტანა ჩვენს გამო ჯვარზე. ჩემში ცვლილება დაიწყო, ვიგრძენი და განვიცადე რომ იესო ცოცხალია (ამის სიტყვებით აღწერა ძნელია, ეს საკუთარ თავზე უნდა გამოსცადოს ადამიანმა) და როდესაც ჩემზე ილოცეს, ისე ავტირდი, ცხოვრებაში არ მიტირია ასე, თითქოს რაღაც მძიმე ტვირთი მომეხსნა და მე განვთავისუფლდი.

ერთხელ ცნობისმოყვარეობამ მაინც წამძლია და მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, ჩემს სპეციალურ სამკითხაო კარტზე ვიმკითხავე. ამის შემდეგ სულიწმინდამ მითხრა (მაშინ გაცნობიერებულიც არ მქონდა უფალთან სიახლოვის დამახასიათებელი მოვლენები): ”აიღე კარტი, გადი გარეთ და დაწვი!” წვიმდა და გავიფიქრე: ”გადაიღებს წვიმა და მერე დავწვავ”, მაგრამ შინაგანმა ხმამ არ მომასვენა, გარეთ გავედი და კარტს ცეცხლი მოვუკიდე. წვიმამ მომენტალურად გადაიღო და კარტის ჩაფერფლის შემდეგ ისევ გაწვიმდა, ხოლო ნამწვი მიწას შეერია. მას მერე მკითხაობის სურვილი საერთოდ გამიქრა და ჩემი თავი მთლიანად მივანდე უფალს და გადავწყვიტე მას ვემსახურო.

ღმერთმა უკეთესად იცის ჩვენი მომავალი! გამოცხადების საშუალებით ღმერთმა დამანახა ჩემი მომავალი მეუღლე და ბედნიერი ვარ რომ თავის დროზე იესო ავირჩიე! ქრისტე გახდა ჩემი სამუდამო და ერთგული მეგობარი! ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ერთგული მეგობარი მყოლოდა!

თუ შენ მკითხაობ, ან მკითხავებში დადიხარ და ვერ თავისუფლდები, სთხოვე ღმერთს გაგანთავისუფლოს და ის გაგანთავისუფლებს, რადგან ვისაც ძე ათავისუფლებს ის ჭეშმარიტად თავისუფალია.

 

თამარ ჩ. (28 წ.)

 

 

ბოლო ცვლილება: 28.01.2009

საავტორო უფლება © ეკლესია სიცოცხლის სიტყვა

free web stats