|
თუ გაქვთ შეკითხვები
ეკლესიასთან დაკავშირებით, გამოგვიგზავნეთ ამ ფოსტაზე
info@wolgeorgia.org და მიიღებთ
ამომწურავ პასუხს.
რომელ მიმდინარეობას ეკუთვნის თქვენი ეკლესია და
რატომ გეწოდებათ ”სიცოცხლის სიტყვა”?
სიცოცხლის სიტყვის ეკლესია იესო ქრისტეს მსოფლიო ეკლესიის განუყოფელი
ნაწილია და ეფუძნება
პროტესტანტულ ტრადიციას.
ჩვენ მიგვაჩნია რომ ”ქრისტე არის ეკლესიის თავი“ (ეფ. 5:23; კოლას. 1:18;
ეფეს. 1:22), ეკლესია იესოს სხეულია (ეფ. 1:23), ხოლო მორწმუნეები კი მისი
სხეულის ასოები (1 კორ. 12:27). ახალი ადგილობრივი ეკლესიის დაარსების დროს
და ადგილს (მათ. 18:20) ღმერთისთვის მნიშვნელობა არა აქვს, ის დროის მიღმა
არსებობს, მისი ჭეშმარიტება უცვლელია და ახალი ადგილობრივი ეკლესია არსდება
მისი სუვერენული ნებით. ამგვარად: ღმერთის ნებით და მის სიტყვაზე (ბიბლიასა
და გამოცხადებაზე) დაფუძნებული (ლუკა. 6:46-49) ეკლესიები ისეთივე
სამოციქულოა, როგორიც პირველ საუკუნეში დაარსებული ადგილობრივი თემები.
ჩვენ, ისევე როგორც სხვა ეკლესიებს ერთი დიდი მიზანი გვაქვს (მარკ. 16:15),
მაგრამ ამ მიზნის რეალიზაციის გზები ხანდახან განსხვავებულია. მიგვაჩნია
რომ, ეკლესიის ერთობა გამოიხატება არა ერთიანი პროექტების და 100%-ით
ერთნაირი სწავლების არსებობაში, არამედ ურთიერთდახმარებასა (მათ. 10:42),
ლოცვასა და სხვა ეკლესიების წარმატებისადმი კეთილგანწყობაში (მარკ.
9:38-41).
რაც შეეხება სახელს.
”სიცოცხლის სიტყვა” წმინდა წერილში ეწოდება პერსონალურად იესო ქრისტეს:
”იმაზე, რაც იყო
დასაბამიდან, რაც მოგვისმენია და ჩვენი თვალით გვინახავს, რასაც
ჩავკვირვებივართ და ჩვენს ხელებს მოუსინჯავს, სიცოცხლის სიტყვაზე,
რადგან სიცოცხლე გამოჩნდა და ჩვენ ვიხილეთ” (1 იოან. 1:1,2. იხ. ფილიპ.
2:16).
ამრიგად, ეკლესიის
სახელი შეიძლება წავიკითხოთ და აღვიქვათ ასეც: ”იესო ქრისტეს ეკლესია”, ანუ
ეკლესია რომელიც ქრისტეშია და ეკუთვნის მას, არის რა მისი სხეულის ნაწილი.
როგორი დამოკიდებულება გაქვთ სამხედრო
სამსახურის მიმართ?
ეკლესიის წევრს არ
ეკრძალება იმსახუროს არმიის და შსს-ს დაქვემდებარებულ ძალოვან
სტრუქტურებში.
ერთის მხრივ ქრისტიანული
აღმსარებლობა არ ეწევა ომის პროპაგანდას, განიხილავს რა სისხლისღვრას
უბედურებად, მაგრამ მეორეს მხრივ უფლებას აძლევს თავის მრევლს იარაღის
ძალით დაიცვას სამშობლო და ოჯახი.
აღსაღნიშნავია, რომ
ადამიანთა ტანჯვისთვის პირველ რიგში მოეკითხებათ პატივმოყვარე
პოლიტიკოსებს, სუსტ დიპლომატებს და მომხვეჭელობის სურვილით ანთებულ
საქმოსნებს და არა ქრისტიან მეომრებს, რომლებიც ბრძოლის ველზე საკუთარ
სიცოცხლეს სწირავენ სხვების შეცდომების და დანაშაულის გამო,
ხელმძღვანელობენ რა ამ ბიბლიური პრინციპით: ”იმაზე დიდი სიყვარული არ
არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს თავისი მეგობრებისთვის” (იოან.
15:13). ეკლესიის სწავლების მიხედვით ასეთი მეომრები აღასრულებენ
სამშობლოს და თანამოქალაქეების დაცვის გმირობას და არ ითვლებიან მკვლელებად.
სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ, მთავარია მოტივაცია და მოწინააღმდეგის მოკვლის შინაგანი, ზნეობრივი
მიზეზი და არა უშუალოდ ეს მოქმედება. თუ ადამიანი ომში სხვისი დახოცვის
სურვილით მიდის, ის რა თქმა უნდა მკვლელია და თუ სხვა ადამიანების
დასაცავად სწირავს თავს და იძულებულია ამ მიზნით ხელყოს მომხვდური
აგრესორის სიცოცხლე, მაშინ მკვლელი არანაირად არ გამოდის.
ბიბლიის მიხედვით,
მოწინააღმდეგის მოკვლა არ არის ამ მოქმდების არსი და თვითმიზანი, ეს ომის
გარდაუვალი შედეგია. თავდაცვის მიზნით იარაღის გამოყენება არ არის ცოდვა,
მაგრამ არც იმ ქრისტიანის (თუ ის ძალოვან უწყებებში არ მუშაობს) გაკიცხვა
შეიძლება რომელიც ღმერთის ნებით გაერიდება საბრძოლო მოქმედებებს (ლუკ.
21:20,21). ამრიგად: ომში ქრისტიანის წასვლა-არწასვლის გადაწყვეტილება
დამოკიდებულია ღმერთზე. ისე უნდა მოვიქცეთ რა გამოცხადებასაც მივიღებთ და
სინდისი რასაც გვიკარნახებს.
აღსაღნიშნავია რომ,
მკვლელობის ცოდვად ითვლება ტყვედ ჩავარდნილი მოწინააღმდეგის მოკვლა და
უიარაღო, მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული განადგურება.
აღიარებთ თუ არა სამებას?
ჩვენი ეკლესია უცვლელად აღიარებს სამების თემაზე შექმნილ კლასიკური
ქრისტიანობის სამივე „რწმენის აღსარებას”:
1). სამოციქულო აღსარება.
2). ნიკეის (325 წ.) და კონსტანტინოპოლის (381
წ.) აღსარება.
3). ათანასეს აღსარება, რომელიც დაუპირისპირდა
არიოზის ცრუმოძღვრებას, რომლის თეოლოგიაზეც აფუძნებენ თავიანთ სწავლებას
„იეჰოვას მოწმეები“. სიცოცლის სიტყვის მოძღვრება
სამების შესახებ მართლმადიდებლური მოძღვრების იდენტურია.
რატომ არ ატარებენ თქვენი ღვთისმსახურები სპეციალურ
რელიგიურ ტანსაცმელს?
სპეციალური რელიგიური ტანსაცმლის ტარების წესი
განსაზღვრული არ არის ახალ აღთქმაში.
იესო ქრისტე და მოციქულები ისეთივე უბრალო ტანსაცმელს ატარებდნენ, როგორსაც
მათი თანამედროვე ადამიანები. ამიტომ ჩვენც ისეთივე ტანსაცმელს ვატარებთ
როგორსაც ჩვენი თანამედროვე ადამიანები ატარებენ.
კრძალავთ თუ არა მორწმუნეებისათვის სამედიცინო დახმარების გაწევას
და სისხლის გადასხმას?
არა. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაში ხშირია
განკურნებების შემთხვევები, მორწმუნეს სრული უფლება აქვს მაშინ
მიმართოს ექიმს, როცა ამას თავად მოისურვებს. საჭიროების შემთხვევაში
სისხლის გადასხმაც შეუძლია. ექიმები რომ არა, ქრისტიანთა 95% უკვე
გარდაცვლილი იქნებოდა.
ცრუსწავლება
მორწმუნეებისთვის სისხლის არგადასხმის თაობაზე მოდის ბიბლიის არასწორი
გაგებიდან, სადაც მართლაც აკრძალულია ცხოველური სისხლის მიღება.
მარხულობთ თუ არა?
დიახ. საეკლესიო და
პირადი საჭიროებების შესაბამისად.
ამასთან,
მიგვაჩნია, რომ მარხვისას მთავარია არა საკვებისგან თავშეკავება, არამედ
უფალთან განსაკუთრებული სიახლოვის ძიება.
ტოვებენ თუ არა ეკლესიის წევრები ოჯახს?
ეკლესიის წევრისგან არავინ არ ითხოვს ოჯახის
მოტოვებას და არც დაოჯახებაა აკრძალული.
ჩვენი ეკლესიის პრიორიტეტთა ჩამონათვალი
ასეთია: ღმერთი, ოჯახი, ეკლესია. ოჯახი მეორე ადგილზეა და რა მიზეზით უნდა
მივატოვოთ იგი? ბიბლია კრძალავს მორწმუნის მიერ
მშობლებზე ზრუნვის მიტოვებას, ან ოჯახის
უპატივცემულობას (1 ტიმ. 5:4,8). ეკლესიის და ერის სიძლიერე იწყება
ოჯახიდან, ამიტომ ოჯახის სიმტკიცე და ჰარმონია მის წევრთა შორის ჩვენი
ეკლესიის სწავლების ერთერთი ძირითადი ნაწილია. ოჯახებს ატოვებინებენ
ტოტალიტარულ სექტებში და არა ქრისტიანულ ეკლესიებში.
დადიხართ თუ არა დაბადების დღეებზე და ქორწილებში?
დიახ. თავადაც ვიხდით და სხვა ადამიანთა დღეობებზე და
ქორწილებშიც დავდივართ.
ბოლო
ცვლილება: 27.03.2009
საავტორო უფლება ©
ეკლესია სიცოცხლის სიტყვა |